საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გადაადგილების შესახებ ძალაში შესული ახალი შეზღუდვები განმარტა. მისი თქმით, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებებით : საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.
მისივე განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.
"გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18.00 საათიდან," - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
9 ნოემრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.