ნუ გვაბრმავებთ - ამ სლოგანით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს მუშაობაში. მათი განცხადებით, ამის მაგალითი საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტები არიან.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 20 ივნისის და ცესკოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მედიის დაშავებული თანამშრომლების საქმეზე გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
"საქართველოს ჟურნალუსტური ეთიკის ქარტია მიიჩნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად უშლიან ხელს. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს დროულად ინფორმაცია მრავალი წყაროდან, რაშიც რეალურად ეშლებათ ხელი. ამაზე არ რეაგირებს ხელისუფლება და შესაბამისად ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას,"- აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი
"მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, საერთშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომ ჩვენთან ერთად ყველამ, რა რესურსიც გაგვაჩნია გამოვიყენოთ რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს,"-აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.