ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს შანტაჟის ფონზე და განსახილველი საკითხებიც აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს.
მოთხოვნები უცვლელია - თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფონზე ხელახალი არჩევნების ჩატარება. მანამდე კი ოპოზიცია მხარდამჭერებს მორიგ აქციაზე შაბათს, 14 ნოემბერს ელოდება.
"მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ხელახალი და თავისუფალი არჩევნები, ასევე მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხალხს აპატიმრებენ და მერე დიალოგზე გიწვევენ, ეგეთი დიალოგი არ არსებობს,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის წევრებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ადეკვატური დიალოგია.
"მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე, რაც ჩვენ დავაყენეთ. ვითხოვთ ადეკვატურ დიალოგს იმისათვის, რომ ხელახალ არჩევნებზე შევთანხმდეთ,"- ამბობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
ზურაბ ჯაფარიძე მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი ეს მოხდება იმ ფორმატში, რომელიც გაზაფხულზე შედგა.
"თუ იქნება მსგავსი მოლაპარაკების მაგიდა, როგორიც იყო გაზაფხულზე, მე მზად ვარ სხვა ოპოზიციის წევრებთან ერთად ხელისუფლებასთან დიალოგზე," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.