არჩილ თალაკვაძემ ეუთო-ოდირთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის განვითარებისთვის მზად არის საუბრისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის პარლამენტში, ოპოზიციასთან ერთად. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, დროა ოპოზიციამ პატივი სცეს მოქალაქეების არჩევანს და ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რადგან სწორედ ეს იქნება წინაპირობა ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის.
"ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ საუბრისთვის და მუშაობისთვის ახალ პარლამენტში. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით მოწოდებები სჭირდება, ეს არის ოპოზიცია და მისი დესტრუქციული ნაწილი.
დასათმობი არავის არაფერი აქვს, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც შედეგების დათვლით გამოვლინდა. ჩვენ ვთქვით არჩევნებამდეც, რომ პატივს ვცემთ მოქალაქეების არჩევანს, ახლა კი დროა ოპოზიციამაც ეს თქვას, ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის ის, რომ პატივი სცეს ყველამ შედეგებს. ამის შემდეგ, დავსხდეთ, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს და ა.შ," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.