ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებულების ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში დღეს განცხადება შეაქვთ. უფლებადამცველები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ, თუმცა სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ და საქმის სტრასბურგში წასაღებად ემზადებიან.
"გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი. შესაბამისად ის უნდა გაუქმდეს და ჩვენ მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით. რა თქმა უნდა ილუზია იმისა, რომ მურუსიძის სასამართლოში ვიპოვით სიმართლეს არ გვაქვს, მაგრამ ეს პროცედურები აუცილებლად გასავლელია და საბოლოო ჯამში ჩვენ ამ საქმეს სტრასბურგში წავიღებთ," - ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები თედო გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ, რადგან ცესკოს თანამშრომელმა უარი თქვა სცენარზე, რომლის მიხედვითაც 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მას უნდა ეთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.