19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
აქციაზე დაკავებულებს სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ, პროცესი რამდენიმე წუთის წინ განახლდა

ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეოკადრებიც ადასტურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ.

მოსამართლემ გუშინ მხოლოდ ერთი დაკავებულის, ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. პროცესი სასამართლოში "სირცხვილიას" აქციის ფონზე მიმდინარეობს.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ მოსამართლეს აქვს წინასწარი განწყობა შექმნილი საქმის მიმართ.

"მაქვს განცდა, რომ მოსამართლეს აქვს წინასწარი განწყობა ჩემ მიმართ და ჩემი საქმის მიმართ. რაღაც გადაჩურჩულების გამო ჩემივე პროცესიდან გამომაძევა,"- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

"ჩვენ თვალწინ შეიტანეს მტკიცებულება შეფუთული შეშა, ესეთ მარაზმში ვცხოვრობთ, რომ შეშა გახდა იარაღი და ვინც იარაღით დარბოდა და ნახევარი მილიონი წაიღო, იმას ვერ უშვრებიან ვერაფერს და ჩვენ დაგვდევენ,"- აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

დღის ამბები