პირველი განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - 6 არასრულწლოვანის ეპიზოდზე სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად სამ საათში გამოცხადდება.
საქმე უკავშირდება დანაშაულს, რომელიც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ეხება.
თითქმის 5-თვიანი სასამართლოს დახურული პროცესების მიმდინარეობის დროს, ყველა ბრალდებული ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. არასრულწლოვნებიდან 2, ასევე, ფიგურირებს მკვლელობის ეპიზოდშიც.
ბრალდებულების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმეზე გაგამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან, მათი მტკიცებით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომ 18 ივნისის ღამეს არასრულწლოვნებმა ორგანიზებულად იმოქმედეს.
"მოლოდინი გვაქვს გამამართლებელი განაჩენის, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, ამას ვსაუბრობდი საქმის განხილვის დაწყების დღიდან, ფიზიკურად ახალ მტკიცებულებას ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა, შესაბამისად მაშინვე მქონდა მოლოდინი, რომ მხოლოდ იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი, იმ შემთვევაში, თუ სასამართლო ობიექტურად განიხილავდა და შეაფასებდა თითოეულ მტკიცებულებას,"-აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
"ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს, ბრალად წარდგენილი ქმედება - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, უნდა გამართლდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ შეიქმნა საზოგადოებაში მცდარი აზრი, თუკი სასამართლო მოექცევა საზოგადოების მცდარი აზრის მარწუხებში, შესაძლოა განაჩენი იყოს უკანონო, დაუსაბუთებელი და გამტყუნდნენ ბრალდებულები,"- არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.