19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"ეპიდვითარება წერტილოვანი შეზღუდვებით არ შემსუბუქდება" - მედიკოსთა ნაწილი COVID-19-ის შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვების მომხრეა

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე "კურიერთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეპიდვითარება წერტილოვანი შეზღუდვებით არ შემსუბუქდება. ერთადერთი ქართველი, რომელმაც გლობალური ვაქცინის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღო, ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების 50-60 % დაკავებულია, მკაცრი ზომების მიღების გარეშე შედეგები ეფექტური ვერ იქნება. 

ინფექციონისტებმა და ეპიდემიოლოგებმა მთავრობას დამატებითი რეგულაციების დაწესების რეკომენდაციით უკვე მიმართეს. სპეციალისტებსა და მთავრობის წევრებს შორის კონსულტაციები საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა ამჯერადაც დამატებითი ზომების შემოღებაზე გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად გამოსავალი სრული კარანტინის გამოცხადებაა. მთავრობაში კი ამბობენ, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. 

ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები საწოლფონდის, ოჯახის ექიმთან კონსულტაციის და სასწრაფოს დაგვიანების კუთხით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში დღეს კერძო კლინიკების წარმომადგენლები დაიბარა. საუბარი იყო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზებაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. 

დღის ამბები