ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.