მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ანალიტიკოსების მოლოდინი პოზიტიურია, ისინი აცხადებენ, რომ აშშ-სთვის საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
ანალიტიკოსი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ინტერესი რეგიონის მიმართ არ განელებულა.
"ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიაში მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც რუსეთის და თურქეთის პოზიციები უფრო გაძლიერდა და რეგიონში აშკარად ჩანს აშშ-ის დეფიციტი. ეს არის ჩემთვის ნიშანი, რომ აშშ-ის ინტერესები რეგიონის მიმართ არ განელებულა და მოკავშირედ ის საქართველოს მიიჩნევს,"- განაცხადა გია ჯაფარიძემ.
პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი
ვასილ კაჭარავა აღნიშნავს, რომ პომპეოს ვიზიტის დროს თუ რამეს ხელი მოეწერება ფუნდამენტური და საფუძვლიანი იქნება.
"2009 წელს ჩვენ მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი. ახლა თუ რამეს მოეწერება ხელი ვფიქრობ დარჩება ჩვენს ქვეყნებს შორის ფუნდამენტურ საფუძველზე,"- განაცხადა ვასილ კაჭარავამ.
ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ტრამპმა ძალიან საინტერესო და არაორდინარული მემკვიდრეობა დატოვა.
"ტრამპი გამოდგა ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, მომავალ ადმინისტრაციას ის უტოვებს ძალიან არაორდინარულ მემკვიდრეობას ბაიდენის ფორმალური არჩევის შემთხვევაში (ფაქტობრივ არჩევას ვგულისხმობ).
რა თქმა უნდა, ამ მემკვიდრეობაზე რამდენიმე საინტერესო ნაბიჯის დასრულება შეიძლება. გადაჭარბების გარეშე, ჩვენ ვართ მათთვის მისაღები და სანდო პარტნიორები,"- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.