პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ წელს ვაქცინა არ იქნება. მისი თქმით, შექმნილი ვაქცინების რეალური შედეგი, დაახლოებით ორი წლის თავზე გამოჩნდება.
"მე გაძლევთ გარანტიას, წელს ვაქცინა არ იქნება საქართველოში. მომავალ წელსაც ეჭვი მეპარება, სხვა ლოჯისტიკური და ფინანსური მიზეზების გამო. მაგალითად, ჩინელებმა 100 ათას კაცზე გააკეთეს ტესტირება. ერთ რამეს გეტყვით, რუსული, ჩინური, "მოდერნა" და "ფაიზერი", ყველა არის ახალი ტიპის ვაქცინა, რომელიც ჯერ არ არის დატესტილი. ჩვენ არ ვიცით რა იქნება გრძელვადიან შედეგში და ყველა მეცნიერი ამბობს, რომ რეალურ შედეგს ამ ვაქცინების, ჩვენ დავინახავთ ორი წლის შემდეგ," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი რეინფიცირების შესახებაც საუბრობს, რომ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კორონავურისისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი ხელმეორედ დაინფიცირდა. ის ამბობს, რომ იმუნიტეტი მხოლოდ 5 თვეს გრძელდება და რეინფიცირების რისკები ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ისევ არსებობს.
"მოსახლეობაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, მუსირებს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არის ერთ-ერთი გამოსავალი. ზაფხულში სპეციალურად კოვიდ ფართებს აწყობდნენ, რომ ერთმანეთი დაეინფიცირებინათ, გადავიტანთ და ჩვენ ვიქნებით დაცულებიო. ცუდი ამბავი მაქვს ყველა ამ ადამიანისთვის. პირველი არის ის, რომ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი დაინფიცირდება, ორგანიზმში ჩერდება დაახლოებით 5 თვე, ზოგში შეიძლება 3 თვე, ზოგში შეიძლება იყოს 9 თვე, მაგრამ 5-6 თვე არის დაახლოებით იმუნიტეტი ორგანიზმში, მარგამ 5 თვის შემდეგ, ეს იმუნიტეტი ორგანიზმში აღარ არის,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.