საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და COVID-19-ის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ მაქსიმალურად იქნას ყველა რესურსი გამოყენებული პანდემიასთან ბრძოლისთვის.
"მაქსიმალურად ფართოვდება წრე ადამიანების, ვინც იქნება ჩართული, იმიტომ, რომ ახლა არის სწორედ იმის დრო, მოვბილიზდეთ და აბსოლუტურად ყველა რესურსი იქნას გამოყენებული - ინტელექტუალური ცოდნა, გამოცდილება იმისათვის, რომ ეს მართლაც საერთო ეროვნული საფრთხე დავძლიოთ. მაქსიმალურად კონსულტაციები ტარდება იმის თაობაზე, თუ რა არის ყველაზე კარგი გამოსავალი ისე, რომ არც ეკონომიკა დაზარალდეს, სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და იმავდროულად მოხდეს ამ სახიფათო ტენდენციის შებრუნება, რასაც ჰქვია მზარდი რაოდენობა ინფიცირებულების და ყველაზე უფრო ტრაგიკული რაც არის, ეს არის რაოდენობა სიკვდილობის," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.