06 სექტემბერი 2026,   14:32
ვრცლად
"სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერება, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხი საქართველოსთან" - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა. ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს სამხედრო პოტენციალი იზრდება და აფხაზი ხალხის სამხედრო ინტერესების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაძლიერება.

დე-ფაქტო პრეზიდენტის განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად მან რუსეთის პრეზიდენტთან სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილა. ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის ტრანზიტის დაწყება ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

"პირველი გაკვეთილი ყარაბაღის ომიდან მშვიდობის ფასია. მეორე გაკვეთილია ის, თუ რა საშუალებებით შეგვიძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ გადაუჭრელი საკითხი გვაქვს საქართველოსთან. ამ ეტაპზე აფხაზი ხალხის სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაძლიერება. 2008 წლის ომი განსხვავდება 2020 წლის ყარაბაღის ომისგან. მათ შორის, ტექნიკური თვალსაზრისით. კომპიუტერიზაციისა და რობოტიზაციის პროცესი სამხედრო სფეროშიც მიმდინარეობს. ამ მხრივ კი, რა დონეზე არის დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები? შესაბამისად, თუ პროგრესი გვინდა ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ღია წყაროებში შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია საქართველოს სამხედრო პოტენციალის შესახებ. ამავე დროს მე არ ვაიგივებ ქართველ ხალხსა და საქართველოს სახელმწიფოს. ეს ორი სხვადასხვა რამაა. როგორ ფიქრობთ, რისთვის იზრდება ეს სამხედრო პოტენციალი? კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებობს ისეთი მძლავრი ფაქტორი, როგორც რუსეთის ფედერაციაა,“ - ასლან ბჟანიამ.

დღის ამბები