06 დეკემბერი 2021,   21:37
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით, პომპეოს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის სტაბილურობასა და სიმყარეზე მიუთითებს

მაიკლ პომპეოს ვიზიტს საქართველოში, გეოპოლიტიკური საკითხების გარდა, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა იმ მოლაპარაკების წინ, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს. 

"ახლა, როდესაც ასეთი დიდი გამოწვევა დგას რეგიონის წინაშე, ზოგადად რუსეთის აგრესიის საფრთხეები, ამ დროს, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ამერიკის ამ რეგიონში ყოფნას. ასევე ძალიან კარგი და სწორი იყო ის გზავნილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გააჟღერა, საქართველოში ამერიკის მუდმივ სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით. ოპოზიციური ძალები, ფრიად მივესალმებით, ასეთი ტიპის მიმართვას,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე. 

ოპოზიციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ პომპეოს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის სტაბილურობასა და სიმყარეზე მიუთითებს. თუმცა ამასთან, ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა პომპეოს ვიზიტით საქართველოს რაიმე სარგებელი მიეღო.

 "მსგავსი ტიპის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ პომპეოს ვიზიტით ჩვენს ქვეყანას რაიმე სარგებელი მიეღო. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ხელისუფლების მხრიდან არ იყო ინიციატივები და შეთავაზებები იმაზე, როგორიც არის მაგალითად ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება, აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, მათ არც კი უხსენებიათ თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ამერიკასთან. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ცხოვრებას გააუმჯობესებდა," - აღნიშნავს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ენმ - ძალა ერთობაშია" დავით კირკიტაძე. 

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით კი,  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო პომპეოს ვიზიტი, რადგანაც როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ჩვენ არაერთი შანსი გავუშვით ამ წლების განმავლობაში ხელიდან, თუნდაც ანაკლიის პორტი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვუშვებთ ძალიან სერიოზულ შანსებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისათვის," - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე. 

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოში მაიკლ პომპეოს ვიზიტისას, მთავარი გზავნილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა იყო. 

"მთავარი გზავნილი იყო, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა და არა ხელისუფლების მხარდაჭერა. ვნახეთ, რომ საჯარო, ერთობლივი კონფერენციაც კი არ მოუწყვია მას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს დიპლომატიური პროტოკოლით, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ რა დამოკიდებულებაც გააჩნიათ მათ რუსი ოლიგარქისა და მისი მიტაცებული ხელისუფლების მიმართ, ამაშიც ჩანს," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა. 

 

 

 

მაიკლ პომპეოს ვიზიტიდან მეორე დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილები ისევ მთავარი პოლიტიკური თემაა.

 

 

დღის ამბები