ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის გარდაცვალებას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სერჟანტ შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.
როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
"ბოლოს და ბოლოს, ამ საქმეს მიეცეს საბოლოო სახე, დაგვანახონ, დაისაჯოს ის მკვლელები და არ აფარებდეს დღევანდელი მთავრობა ხელს. თუგინდ როინიშვილი, რომელიც აქ იყო ბათუმში და გვეუბნებოდა, რომ გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ. დღეს სასამართლოში ზის თბილისში და ის გამოიძიებს საქმეს? ის ხალხი, ყველა ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან. ის მკვლელები, რომლებიც იყვნენ ადრე. მე არ ვიცი რა შეიცვალა საქართველოში,"- განაცხადა მან.
როინ შავაძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ დამნაშავეებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელს აფარებს.
"ვინც ხელი შეუწყო ამ საქმის ასე გაჭიანურებას, ვინც მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებების გაყალბებაში - გამომძიებელი, პროკურორი, აბსოლუტურად ყველას დასჯას მოვითხოვთ. რეალურად, გამოდის რომ სააკაშვილმა განახორციელა მკვლელობა, ხოლო მკვლელების დაწინაურება-დამალვას ხელი შეუწყო ივანიშვილის ხელისუფლებამ. ერთ-ერთი გახლავთ კონცელიძე, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატია, მეორე აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი და ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა,"-განაცხადა ადვოკატმა.