ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხება.
როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, მოწმეები წვეულებაზე მყოფი პირები არიან, რომელთაც ბრალდების მხარე აჩვენებს ვიდეომასალებს, სადაც მათ კონკრეტული პირების და ბრალდებულების იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქალაქ მცხეთაში წვეულებაზე მყოფი პირები დაიკითხებიან, რომლებიც დაადასტურებენ იქ განვითარებულ მოვლენებს. რამდენიმე მოწმესთან მოხდება ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება, რა დროსაც ისინი განმარტავენ, იქ მყოფი პირების ვინაობას დაადასტურებენ და მათ მოქმედებას აღწერენ. დაიკითხება ეთერ ხოშტარია, მისი შეყვარებული თოდაძე, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, გუგა მაჭავარიანი, ნიკოლოზ ბროლაძე და ა.შ,"- განაცხადა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.
საბა ჩხარტიშვილის ადვოკატ დავით ჭიკაიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ამ ვიდეოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შუამდგომლობით მიმართა, რადგან, მისი თქმით, უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა კონკრეტული პირების იდენტიფიცირების მიზნით.
"აგარაკის ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ბრალდების მოწმეები, ბრალდების მხარის მიერ ალბათ დაისმება კითხვები, რომელიც უკავშირდება აგარაკის ეპიზოდზე განვითარებულ მოვლენებს, ჩხუბის და დაპირისპირების ეპიზოდს. შესაბამისად, მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, დაცვის მხარეც დასვამს კითხვებს. რა კითხვები დაისმება, წინასწარ არ ვიცით, თუმცა გარკვეული ვარაუდები და მოლოდინები გვაქვს, რა მიმართულებით დაისმება კითხვები. ვიდეოჩანაწერი წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე გადმოეცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ იშუამდგომლა მისი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ არ იყო ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც მოახდენდა კონკრეტულ პირთა იდენტურობას. საჯაროდ ვერ გავაკეთებ განცხადებას ამ ვიდეოჩანაწერზე, ასევე, ვერც იმას დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად იქ მოქმედი პირები ნამდვილად არიან ის პირები, ვისაც ბრალი აქვთ წარდგენილი 126-ე და 120-ე მუხლებით, ვგულისხმობ საბა ჩხარტიშვილს, გოგჩელიძეს და წაქაძეს. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა არასპეციალიზებული პირის მიერ, მაშინ როდესაც ექსპერტიზა მიგვაჩნდა მართებულად, ამ ფონზე ვერ დაგიდასტურებთ, იყო, თუ არა მასზე კონკრეტული პირის გამოსახულება,"- განაცხადა ადვოკატმა.