გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც "კურიერს" პროკურატურაში ცოტა ხნის წინ განუცხადეს, დავით ფურცხვანიძემ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამასთან, მას ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.
შეგახსნებთ, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.