მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ლევან ზურაბაშვილისთვის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი - 1 000 ლარიან გირაოს.
ბრალდებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობის შეფარდების სახით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
"თითქოს და გაანადგურებს გამოძიებისთვის საინტერესო მასალებს, რომელთანაც არანაირად ხელი არ მიუწვდება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს. ვთვლი, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო სრული უსამართლობის ზეიმი," - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი ჭაჭუა.
როგორც საქმის პროკურორი ლუკა გამყრელიძე ამბობს, სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებიც, მათ შორის ვიდეოჩანაწერი, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"გამოძიებისთვის ჩატარდა არა ერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სასამართლოსთვის წარდგენილია მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ვიდეოჩანაწერი და სწორედ ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ის საფრთხეები, რაც ჩვენ მიერ დასაბუთებული იყო გაიზიარა სასამართლომ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა," - განაცხადა პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნები იყო აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.