ექსპერტი მედიცინის საკითხებში აკაკი ზოიძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა და კატასტროფულ ზღვართან საკმაოდ ახლოს არის.
აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ ახერხებს მძიმე პაციენტების მკურნალობასა და მართვას, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას არ დაიწყებს.
"ვითარება საკმაოდ მძიმეა, კატასტროფულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ძალიან ახლოს არის ამ ზღვართან. პრობლემები დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციასთან, სასწრაფო, ტესტირება, ბევრ საკითხებთან, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანდაცვის სისტემა მძიმე ავადმყოფების მკურნალობას და მართვას ახერხებს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუ არ შეიცვალა აღმავალი ტენდენცია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდის, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში გვაქვს და თუ ეს არ შემცირდა და არ წავიდა კლებისკენ, ვერანაირი სისტემა, რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს, ვერ გაუძლებს ამას.
თუ ვსაუბრობთ ეპიდემიის მასშტაბზე და ამ პრობლემის კატასტროფულ ზღვრამდე არ მიყვანაზე, ეს გახლავთ სწორედ ინფექციის გავრცელების სიჩქარის შენელება. დღეს ეს არის ყველაზე უფრო სასწრაფო და გადაუდებელი საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ მობილობის შეზღუდვით, არსებული რეგულაციების უმკაცრესი კონტროლით და დამატებითი რესურსის ჩართვით, იზოლირების, კონტაქტების მოძიების კუთხით, კი, ათასობით შემთხვევაა, მაგრამ მაინც რომ შევძლოთ და დროულად ვაცნობოთ ადამიანებს, რომ ისინი იყვნენ კონტაქტი და მოახდინონ იზოლაცია," - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
რაც შეეხება შეზღუდვების გამკაცრებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა სახელს დავარქმევთ ამ შეზღუდვებს, მთავარია ეკონომიკის სრული პარალიზება არ მოხდეს. აკაკი ზოიძის თქმით, სრული ლოკდაუნი გამართლებული იყო მაშინ, როდესაც COVID-19-ის ვირუსზე ინფორმირებულობა ნაკლები იყო, თუმცა დღეს, მისი აზრით, აუცილებელი იქნება ოპტიმალური მეთოდების შერჩევა.
"წერტილოვანს დავარქმევთ, რომ ნაკლებად სახიფათოდ ჟღერდეს, თუ ლოკდაუნს დავარქმევთ, აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ ეკონომიკის სრული პარალიზება ამ შემთხვევაში ცუდი შედეგის მომტანი იქნება. კი, ეპიდემიოლოგიური ეფექტი ექნება, მაგრამ ეს არ იქნება შედარებადი იმ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტთან, რომელსაც გრძელვადიანად მოიტანს ასეთი მიდგომა. მაშინ, როდესაც არ ვიცოდით ინფექციის შესახებ არაფერი, ეს იყო გამართლებული, დღეს აუცილებელი იქნება ოპტიმალური მეთოდების შერჩევა. ყველაზე უფრო, რაც ეფექტს მოგვცემს ეპიდემიოლოგიური კუთხით და ნაკლებ ნეგატიურ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკური და სოციალური კუთხით და ის, რომ ადამიანების ყოველდღიურ შემოსავალზე არის საუბარი, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩემი აზრით, შეიძლება ოპტიმალური გეგმის მოძებნა და მე ვიცი, რომ ეს იყო ბოლო რამდენიმე დღეებისა თუ კვირების განმავლობაში სწორედ მთავრობის სამუშაო ძირითადი ამოცანა და მიზანი," - განაცხადა მან "რუსთავი 2-ის" ეთერში.