ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გუშინდელ ონლაინშეხვედრაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც პანდემია მძვინვარებს, ადამიანებს მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ, რომ სახლში დარჩნენ.
"ჩემი რეკომენდაცია, გუშინდელი ონლაინშეხვედრის დროს იყო ის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მოსახლეობის მასიური შეკრებები, რომელიც საქართველოში უყვართ ხოლმე. მით უმეტეს, შობა-ახალ წელს უნდა ვურჩიოთ ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ შეკრებებისგან. ასევე, საჭიროა შეიზღუდოს გარკვეული საქმიანობა, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთში - ლიტვასა და ლატვიაში შემთხვევები არის სულ 300 ან 400, დაწესდა ისეთი შეზღუდვები, როგორიც არის შაბათ-კვირას მაღაზიების დახურვა, მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. ასევე, საჭიროა შეიზღუდოს სამოქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება. ჩვენ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობა სახლში იყოს. კიდევ, ჩემი რეკომენდაცია იყო ის, რომ როდესაც სამსახურებში ადამიანებს შეუძლიათ სახლიდან იმუშაონ, სჯობს ასეც მოიქცნენ. ეს, კერძო სტრუქტურებმაც უნდა გაითვალისწინონ," - განაცხადა ზაზა წერეთელმა.