ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის ზაზა წერეთლის განცხადებით, იმ კომპანიებთან, რომლებმაც ვაქცინა გამოუშვეს, ამ წლის მარტში ბევრმა ქვეყანამ ხელშეკრულება დადო, რომ ის ბაზარზე გამოჩენისთანავე შეესყიდათ.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ერთ წელში იმ რაოდენობის ვაქცინის წარმოება, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოფა, წარმოუდგენელია და ეს მისივე ვარაუდით, ამის შესაძლებლობა დაახლოებით 2021 წლიდან იქნება.
"ყველამ ვიცით, რომ სამი ძირითადი ვაქცინა გამოიყო, რომელთაც კარგი შედეგები დადეს და მაქსიმალურად ცდილობენ მიიღონ იმის ნებართვა, რომ მათი გამოყენება დაიწყოს.
ბევრმა ქვეყანამ ამ კომპანიებთან უკვე მარტში დადეს ხელშეკრულება იმაზე, რომ ვაქცინები ბაზარზე გამოჩენისთანავე შეესყიდათ. ასეთი რამ გააკეთა ევროკავშირმაც და ნორვეგია, რომელიც არ არის მისი წევრი, ისიც კი გაერთიანდა ევროკავშირთან იმის გამო, რომ ვაქცინები ერთობლივად შეეძინათ.
მერე მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ შეუძლებელია იმდენი რაოდენობის ვაქცინა დამზადდეს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც მთელს მსოფლიოს მოსახლეობას ეყოფა. ამიტომ, პირველი წელს დაახლოებით 2 მილიარდ დოზამდე დამზადდება და მხოლოდ 2021 წლიდან იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ვაქცინამ მთელი მსოფლიო მოიცვას.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ლოჯისტიკის მომენტი, ერთ-ერთს ვაქცინას -60-დან -80 გრადუსამდე ტემპერატურაში შენახვა სჭირდება, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას უჭირს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო წავა იმ ვაქცინის მიმართულებით, რომლებიც უფრო ნორმალურ პირობებში შეიძლება შეინახოს. ყველა ქვეყანა დაიწყებს იმ ჯგუფების გამოყოფას, ვინც პირველად უნდა აიცრას, ასეთი არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვინც ყველაზე უფრო რისკჯგუფებში არიან," - განაცხადა ზაზა წერეთელმა.