19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა - პენიტენციური სამსახური 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

"COVID-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს.
მოცემული პირები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილები.

პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს. ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოწმდებიან PCR ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.​

ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს PCR ტესტირება 4-5 დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. თუმცა, საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაიარეს PCR ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია (ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები). სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)" - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები