19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
200 ლარიანი და 300 ლარიანი დახმარება ძალიან მცირე შემწეობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპერირებდა ამ სფეროში - "რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი

კორონავირუსის გავრცელების შემცირების თვალსაზრისით დღეს დაწესებულ შეზღუდვებს ბიზნესის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

"რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო აანონსებს, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან მცირეა. შოთა ბურჯანაძე ეჭვობს, რომ დაუძლურებულმა ბიზნესმა, შესაძლოა, ფუნქციონირების გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

"ეს არის ათი ათასობით ადამიანის სამსახურის დაკარგვა, ისინი დარჩებიან ბედის ანაბარა. ის დახმარება, რომელიც გამოყოფილი იქნება, 200 ლარიანი და 300 ლარიანი, ძალიან მცირე შემწეობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპერირებდა ამ სფეროში. 2 თვის განმავლობაში გაჩერებულ ბიზნესს რამდენად ექნება ძალა, რომ გააგრძელოს ოპერირება, კითხვის ნიშანს დავსვამდი,"- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

ფიტნესცენტრ "ოქტოპუსის" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ შეზღუდვები ამ სფეროს სერიოზულ ფინანსურ ზარალს მიაყენებს. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი საგადასახადო შეღავათები და სესხის პროცენტის სუბსიდირებაა

"ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმე ეპიდსიტუაციია შექმნილი, თუმცა, მეორე მხარეს დგას ეკონომიკა. ჩვენ პირადად ვართ ძალიან მძიმე სიტუაციაში ფინანსურად, რადგანაც 6 თვის განმავლობაში ვიყავით სრულიად დაკეტილები, შემდეგ გავაგრძელეთ ფუნქციონირება ზარალზე და კვლავ გვიწევს დაკეტვა. ერთადერთი გამოსავალი იქნება, იყოს სახელმწიფო მხრიდან შეღავათი, იქნება ეს საგადასახადო თუ სესხის პროცენტის სუბსიდირება,"- განაცხადა გიორგი ასათიანმა. 

დღის ამბები