კორონავირუსი ახალ მასშტაბებს იძენს და ართულებს სამუშაო პროცესს სამედიცინო დაწესებულებებშიც.
ყოველდღიურად იზრდება ექიმების ინფიცირების შემთხვევებიც, რის გამოც, სხვადასხვა სერვისის მიწოდება შეფერხდა.
9 დეკემბრამდე მუშაობა და პაციენტების მიღება შეწყვიტა კარდიოლოგიურმა კლინიკამ "გული".
კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ კლინიკის მედპესრონალის 90% ინფიცირებულია.
"დამიდასტურდა კორონავირუსი და მსუბუქ ფორმაში მაქვს. ჩვენს კლინიკაში თითქმის ყველა ექიმს და ექთნების უმრავლესობას დაუდასტურდა კორონავირუსი. კოვიდპაციენტები არ მკურნალობდნენ ჩვენთან, მაგრამ გულით ავადმყოფებს ემართებოდათ ეს ვირუსი და სწორედ ასე გავრცელდა ჩვენთან, რადგან მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკებში ორი სამი დღე იწელებოდა,"-აღნიშნა ანზორ მელიამ.
კოვიდინფექცია ფართოდ გავრცელდა მეტროპოლიტენში, სადაც ინფექცია დაახლოებით 55 ადამიანს დაუდასტურდა.
"კურიერთან" ერთ-ერთი ინფიცირებული ზაზა ბარბაქაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.
"ნორმალურად ვგრძნობ თავს, თვითიოზოლაციაში ვარ, როგორც ექიმები ამბობენ, ჩემი თანხმლები დაავადებების გამო პოსტკოვიდური რეაბილიტაცია დამჭირდება,"-აღნიშნა ზაზა ბარბაქაძემ.