ამ წუთებში თბილისი ცენტრალში მოლების და მსხვილი სავაჭრო ცენტრების და ევროპული ბრენდ მაღაზიების წარმომადგენლები იკრიბებიან და იმ ზარალზე საუბრობენ, რომელიც დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესს ადგება. ისინი საკუთარ წინადადებებს შეაჯერებენ, რომელსაც შემდგომ უკვე მთავრობას წარუდგენენ.
მათ სურთ, მოლაპარაკებებისთვის ახალი რესურსი გამოინახოს.
"დეკემბერში მხოლოდ ერთი კვირა ვიქნებით გახსნილი. ამაში არის ძალიან დიდი რისკები, როგორც ფინანსური, ასევე ეპიდემიოლოგიური. თუმცა ჩვენ დღეს გვექნება კონსულტაციები, რომ შევათანხმოთ რაღაც პროტოკოლი," - განაცხადა შპს ”Retail Group Georgia”-ს დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.
"დღესდღეობით ათიათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავი ირჩინონ და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. ჩამოქცევის და სრული განადგურების პირას არის სფერო მისული. მკაცრი რეგულაციების ფორმებში იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რომ სფეროს ოპერირების საშუალება მიეცეს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო სრულად არ ჩამოიქცეს და განადგურდეს. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის შესაძლებლობას," - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.
ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები უკვე მოქმედებს. გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, დახურულია სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ფიტნესკლუბები, აუზები და სპორტული დარბაზები. რესტორნები გატანის სერვისზე მუშაობს. გახანგრძლივებულია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის ვადა. შეზღუდულია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსებით.