კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში შესაძლოა კოვიდკლინიკების დამატება გახდეს საჭირო. ამ ფონზე, შიოშვილი განმარტავს, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადი რჩება.
"საკორდინაციო საბჭოს მითითებებით ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შენარჩუნებული იყოს სტაბილური ეპიდსიტუაცია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მომსახურებას იღებს ყველა, ვისაც ეს გადაუდებლად სჭირდება, რესურსი ამოუწურავი არ არის, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნებისთვისაც... ამიტომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები - პირბადე, დისტანცია!
ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ვირუსის მეორე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, საზოგადოებასთან ერთად ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ პირველ ტალღასთან გამკლავება, რითიც მოვიგეთ დრო და მეორე ტალღისთვის მოვემზადეთ მაქსიმალურად.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში ჩვენი ამოცანა იყო ბალანსის დაცვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეკონომიკის დაცვას შორის. ამიტომ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ ბალანსის დაცვით ხორციელდება.
ეს არ არის სისტემური ლოკდაუნი, რაც გამოიწვევდა ეკონომიკის სრულად გაჩერებას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ ვირუსთან ადაპტაციის და მართვის სტრატეგია, რომელიც გრძელდება. რამდენიმე ეტაპად და კონკრეტული პერიოდებით იმოქმედებს უფრო მეტად გამკაცრებული, თუმცა ისევ წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის ძირითადი ნაწილი შეეხება ცალკეულ, ყველაზე დიდი მობილობის მქონე ქალაქებს,"- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 206 საჯარო სკოლა მოქმედებს, აქედან 126 გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. საბავშვო ბაღები კი დაკეტილია და სურსათის მიწოდება აღსაზრდელებისთვის სახლში ხდება. რეგიონში მასშტაბით 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს.