19 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან - დაკავებულია რამდენიმე, დაშავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან - დაკავებულია რამდენიმე, დაშავებულია ერთი პირი.

ადგილზე დღეს დილიდან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვდნენ. პოლიციის უარს მოჰყვა დაპირისპირება. ადგილიდან განარიდეს რამდენიმე პირი. 

შენობაში შესვლა უნდოდა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ელგუჯა ბაგრატიონს, რაზეც მას პოლიციამ უარი განუცხადა. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაძაბულობა აჭარის მთავრობის სახლთან.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც პოლიციის განმარტებით, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მითითებას, ერთი პირი კი დაშავებულია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"მოხდა ძალიან მარტივი რაღაც. მონაც კი არა, მონის მონაც რომ არის რიჟვაძე, პატარა კაცუნამ ვერ აიტანა, რომ ახალგაზრდებმა აღმართეს ბურთი, სადაც ერთადერთი სიტყვა "გამოდი" ეწერა. ვერ აიტანა, გასცა უკანონო ბრძანება, პოლიციამ წაართვა ეს ბუშტი ახალგაზრდებს, შემდეგ დაიწყეს ფაქტობრივად დარბევა, დაკავებულია ჩვენი ერთი წევრი. ესენი ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას - ქარიშხალს მოიმკიან, ძალიან ცუდად დაამთავრებენ იმიტომ, რომ ასეთი ბევრჯერ მინახავს და ზუსტად ვიცი რა ფინალი ექნებათ. მონის მონებს ჩვენ მივუჩენთ თავის ადგილს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა.

დღის ამბები