06 სექტემბერი 2026,   00:53
ვრცლად
გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებენ

გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები, საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას დღეს ასაჩივრებენ. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

გუშინდელ პროცესზე საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ორ ყოფილ წევრს თავდებში 200-მდე ადამიანი ჩაუდგა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. გარდა ამისა, დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სადავო რუკები, რომლის დამალვას დაკავებულებს ედავებიან, კარტოგრაფიულად უვარგისია. დაცვის მხარის ეს მტკიცებულებები ბრალდების მხარემ არ გაიზიარა. 

"ჩვენმა ადვოკატებმა აჩვენეს, რომ ის რუკა რომელსაც გვიფრიალებდენენ არაფრის მაქნისია, რადგანაც რაც უძრავად არის იმას აცილებულია 500 მეტრით. ეს უვარგისი რუკაა და ამ საკითხს ჩვენს სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული ხალხი გამოუშვან" - აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აცხადებს, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინეს იმისათვის, რომ ნატალია ილიჩოვასთვის და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლილიყო.

 

დღის ამბები