19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების მოთხოვნით შეკრებას დღესაც გეგმავენ 

ბათუმში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები ისევ შეიკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია.

გუშინ აქციისას დაკავებული აქტივისტს კი სასამართლომ 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკიას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. გადაიდო მეორე დაკავებულის პროცესი.

"პოლიციის კორიდორის გარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ირაკლის კორიდორი არ გაურღვევია და მის არცერთ ქმედებას ამის მიზანი არ ჰქონია და არც მოტივი. ასეთი იყო მოსამართლის ახსნა-განმარტება. 

რაც შეხება პოლიციასთან არაკანონიერ ქმედებას, ვამტკიცებდით, რომ ირაკლი ჩხვირვიას ეს განზრახ არ ჩაუდენია და შემთხვევით მოუხვდა ხელი, სასამართლომ ჩვენი განმარტება ამ ნაწილში არ გაიზიარა და გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა,"- აცხადებს ადვოკატი ილონა დიასამიძე.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ბუშტების გაშვების ტრადიციულ აქციას დღესაც გამართავენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, დაკავებების სერია ბათუმში დღესაც გაგრძელდეს. 

"რის გამოც ირაკლი ჩხვირკვია დაიჭირეს, ეს პიროვნება არის ჭყონია, რომელიც არის "ქართული ოცნების" აქტივისტი და არ არის პოლიციელი. მოვა დრო და ეს ადამიანი აგებს პასუხს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რევაზ ხარაზი.

"როგორც ჩანს,ბუშტების პერფომანსი თორნიკე რიჟვაძისთვის შეურაცხმყოფელია და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პოლიციამ ჩვენ მიმართ ძალა კიდევ გამოიყენოს. ეგვექნება რამდენიმე აქტივობა, 12 საათზე ბუშტების გაშვების ტრადიციული რიტუალი, 3 საათზე შეჯიბრი ჭიდაობაში 5 საათზე საპნის ბუშტების გაშვება და 7 საათზე ფილმის ჩვენება - წითელი ბუშტი,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ალექსანდრე მილორავა.

დღის ამბები