სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს. მალხაზ მიქელაძეს პასუხების გაცემა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების საქმეზე მოუწევს. ის საგამოძიებო უწყებამ ერთხელ უკვე გამოკითხა.
"მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას, მე ვიძლევი ჩვენებას, რაც რეალურად ხდება. კომისიაში მიმდინარეობდა ჯანსაღი განხილვა და დღესაც გაგრძელდება,"-განაცხადა მალხაზ მიქელაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.
მისი ადვოკატის, ივანე ჩიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია.
"იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა. ხაზს ვუსვამ, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობით. თუმცა, ნებაყოფლობითობის მიუხედავად, მალხაზ მიქელაძე მზად არის ისევე, როგორც სექტემბერში მისცა მან ამომწურავი ჩვენება საგამოძიებო ორგანოს, დღესაც მისცეს ჩვენება.
ჩვენთვის უცნობია, რა ფაქტობრივი გარემოებების გამოა გამოძახებული, ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კარტოგარფების საქმეზეა დაბარებული, ხოლო რა კითხვები ექნება გამოძიებას, ამას გავიგებთ, როდესაც ოფისში შევალთ,"-განაცხადა ადვოკატმა.
მალხაზ მიქელაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და, ამავდროულად, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე 2004-2005 წლებში იყო.