24 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია - ბიძინა ესებუა მიმალვაში მყოფ ძებნილთან სავარაუდო შეხვედრის წინ აიყვანეს

ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ ბიძინა ესებუას თვალთვალი იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც მიმალვაში მყოფს საკუთარ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი. 

მამაკაცმა სამართალდამცველებისგან გაქცევა სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეამჩნია, რომ მას უკან მიჰყვებოდნენ. სწორედ ამიტომ პოლიციელებმა ბადრი ესებუას ძმა ადგილზე აიყვანეს.

დაკავებულის მანქანაში ჩატარებული ჩხრეკის ოპერაციისას სამართალდამცველებმა ტანსაცმელთან და პროდუქტებთან ერთად ხელყუმბარებიც ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

38 წლის მამაკაცის აყვანის შემდეგ დამატებითი სპეცოპერაცია ჩატარდა ესებუების საცხოვრებელ სახლშიც. დაკავებულისა და ძებნილის მამას ბოლო სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ტარიელ ესებუას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამტკიცებს, რომ მის შვილს საბრძოლო მასალა არ ჰქონია.

გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის შემდეგ დამნაშავეს მიმალვაში საკუთარი ძმა ეხმარებოდა. ყაჩაღობიდან მეორე დღეს კი ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმყოფებოდა.

მიმალვაში მყოფთან კონტაქტისა და დამნაშავის ხელშეწყობის დამტკიცების შემთხვევაში არ არის გამორიცხული 38 წლის მამაკაცს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

დღის ამბები