ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.
ერთ-ერთი ბოლო გატაცებული, რომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ქართული დელეგაცია ამჯერად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ითხოვდა, გორის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი მირიან თაზიაშვილია.
ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე რუსეთი უწყვეტად განაგრძობს ბრძოლას სამხედრო თუ ჰიბრიდული მეთოდებით. ჟენევაში განსახილველ საკითხებს შორის იყო დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებში ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში ავრცელებდა და კიბერთავდასხმები. ასევე კვლავ აქტუალურია ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის, წვრთნების, უწყვეტი ბორდერიზაციის და ბარიერების აღმართვის პროცესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.