უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს.
საბჭოზე ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით.
ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი თითქმის 22-23%-მდე დავიდა. ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილება, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.