აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქცია დასრულდა,სადაც 7 პირი დააკავეს. მათ სამართალდამცავები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
აქტივისტები ადგილზე პირველი სხდომის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაზე სხვადასხვა სტიკერების გაკვრა სცადეს.
"სტიკერი გავაკარი და მომვარდნენ ზონდერები და მაგის გამო მაკავებენ,"-უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა დაკავებულმა აქტივისტმა.
"არაერთხელ მოუწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომ ღობიდან ჩამოსულიყო. არ გაითვალისწინა არც სამთავრობო დაცვის და არც საპატრულო პოლიციის მოთხოვნა დადაკავებულია ადმინისტრაციული წესით,"-აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი.
ადგილზე იმყოფებოდენენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც. ოპოზიციონერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი თქვეს.
"უარს ვაცხადებთი ისეთ უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, სადაც მოპარული მანდატებით ისხდებიან ადამიანები, ის ადამიანები რომლებმაც მონაწილეობა გაყალბებულ არჩევნებში მიიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ შექმნიან ასსრ-ს. ეს არ გამოუვა არც ბიძინა ივანიშვილს და არც იმ ადამიანებს, ვინც არის "ქართულ ოცნებაში" დღეს აჭარაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე.
"პარტიებმა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლითაც ვადასტურებთ ერთიანობას და წინააღმდეგობას გაყალბებული არჩევნებისადმი. წაგვართვეს შესაძლებლობა თანამონაწილება მივიღოთ სახელმწიფოს მართვაში, ჩვენ ამომრჩეველს წაართვეს ხმები და ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ,"-აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.