19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"ასტრაზენეკას" ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შეგვიძლია სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრში უკვე შექმნილია ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭოსთანაც ჩამოყალიბებულია შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია, რომელიც ვაქცინაციის საკითხებთან დაკაშირებით იმუშავებს.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც ვაქცინების დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს. NCDC- ის ხელმძღვანელმა მიმოიხილა ე.წ ცივი ჯაჭვის სისტემა და აღნიშნა, რომ  "ასტრაზენეკას" ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში.

"ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმები, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს.

ჩვენ გვაქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, "ასტრაზენეკას" ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული სტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება "მოდერნას" ვაქცინას, რომელიც არის მინუს 20 გრადუსზე, ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20-გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად "მოდერნას" დანერგვა. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს "ფაიზერთან" დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე მაცივარი და ჩვენ ამ სისტემების გამართვაც შეგვეძლება, თუ "ფაიზერის" ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემენტაცია, შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ყველა ვაქცინირებული ადამიანი სისტემაში უნდა იყოს ელექტრონულად შეყვანილი. ამირან გამყრელიძის განცხადებით ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება.

დღის ამბები