მსჯავრდებულ გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რურუას ცემის საქმეზე ციხის 2 მაღალჩინოსნის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თავდასხმა პენიტენციური დაწესებულების მხოლოდ ამ ორი თანამშრომლის დონეზე ვერ განხორციელდებოდა.
ადვოკატის განცხადებით, უახლოეს მომავალში რურუას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება და ასევე მომხდართან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხება.
"გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის გაგრძელება იყო მასზე განხორციელებული თავდასხმა და ეს დევნა ვერცერთ შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა პენიტენციური დაწესებულების ამ ორი თანამშრომლის დონეზე.
ახლო მომავალში მოხდება გიორგი რურუას დაზარალებულად ცნობა ამ ნაწილში და ასევე მისი გამოკითხვა, როგორც მოწმის," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
მსჯავრდებულ გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის 2 მაღალჩინოსანი დააკავეს - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად და მათი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, მოხდა დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ჯგუფურად ცემა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელად 3 წლამდე პატიმრობა, შიდა პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა მოუწევთ.