19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
კიბერდანაშაული ფეისბუკით - არასრულწლოვანმა ინტერნეტბანკის ფიშერული გვერდით ფეისბუკმომხმარებელს "გათამაშება" მოუწყო და 72 500 ლარს დაეუფლა

სამართალდამცველებმა კიბერდანაშაულისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს, 1 არასრულწლოვანი კი დანაშაულისთვის ამხილეს, სწორედ 17 წლის ბიჭია, გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ფიშერული გვერდის შემქმნელი, საიდანაც ინტერენეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში შეტყობინებებს იღებდნენ.

არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი - ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.

აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.

კიბერდამნაშავეები "საქართველოს ბანკის" სახელით მოქმედებდნენ, დანაშაულებრივ სქემაზე მცირე განმარტება ბანკმაც გააკეთა და საკუთარ მომხმარებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თაღლითური სქემის სავარაუდო ავტორები ამ დროისთვის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩებიან, თუმცა დაკავებულების ინტერესების დამცველებს იმედი აქვთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ მალევე გაათავისუფლებენ. ადვოკატების მტკიცებით, სამივე დაკავებული თავად არის მსხვერპლი და დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობლდნენ.

დღის ამბები