ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მხარი დაუჭირა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებული დარღვევების გამო რუსეთი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა აკრძალვა ოთხი წლიდან ორ წლამდე შეამცირა. შესაბამისად რუს სპორტსმენებს 2024 წლის ჩათვლით აეკრძალათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა. სანქციები ეხება ასევე რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას.
საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა იმ რუს სპორტსმენებს შეეძლებათ, რომლებიც მკაცრ დოპინგ-შემოწმებას გაივლიან. რუსეთის წარმომადგენლებს აკრძალული აქვთ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პოსტების დაკავება. სანქციები არ ეხება 2021 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას და ასევე 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომლის ჩატარება სანკტ-პეტერბურგშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ნაკრები შესარჩევ ტურნირს გადალახავს, იქ ნეიტრალური დროშით და ეროვნული ჰიმნის გარეშე მოუწევს მონაწილეობის მიღება.