შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული.
შს მინისტრმა უწყების 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია.
"ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია.
იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%; გამოძალვა -34%; ძარცვა -25%; ქურდობა -12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა -5%," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.