ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, პანდემიის კუთხით საქართველომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროგრესი აჩვენა და მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ქცევა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული იყოს.
ამის შესახებ კლუგემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი დღეს ლუგარის ლაბორატორაში იმყოფებოდა. კლუგემ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ერთად ლაბორატორია დაათვალიერა და მუშაობის შედეგებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში კლუგე საქართველოში კლინიკური სექტორის მუშაობასაც ეცნო.
"ძირითადი რეკომენდაცია არის უფრო მეტად არა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებისთვის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა. დღესასწაულები მოდის და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს, რომ ხალხის ქცევა იყოს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული.
ლუგარის ცენტრი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის არის გამორჩეული თავისი მუშაობით და ძალიან ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ. ვთვლი, რომ ლუგარის ცენტრი და NCDC ორივე ერთად არის ბრწყინვალედ მომუშავე. ასევე, დადებითად ვაფასებ ბატონი ამირან გამყრელიძის მუშაობას და ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ მათთან ერთად,"- აღნიშნა ჰანს კლუგემ.