19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში უკვე იკვლევენ რამდენიმე პაციენტს კორონავირუსის ახალ შტამზე.

მისივე თქმით, ამ პაციენტებს უშუალოდ დიდ ბრიტანეთში არა, მაგრამ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

"კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ,"-განაცხადა პაატა იმნაძემ. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი შტამი ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ შედარებით ადვილად გადადის. 

"კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ, შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე მოტრიალე. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუხანიდან წამოსული შტამები იყო. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს (ვირულენტობას). კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ, ვაქცინა მასზეც იმოქმედებს,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები