19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, შესაძლოა, რაგბის კავშირში დაპირისპირების ახალ და ყველაზე დამანგრეველ ტალღად იქცეს

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შესაძლოა რაგბის კავშირში დაპირისპირების ახალ და ყველაზე დამანგრეველ ტალღად იქცეს. ერთი კვირის წინ, გამგეობის გადაწყვეტილებით, ოფიციალურად ჩაინიშნა საარჩევნო საანგარიშო ყრილობის თარიღი, თუმცა დღეს ყველასათვის მოულოდნელად გამგეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე არჩევნების გადადებას გეგმავდნენ.

მორაგბეთა კლუბ "ლელოს" ბაზაზე მიმდინარე სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. საინიციატივო ჯგუფების წევრები კი ამბობენ, რომ კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნაა არჩევნების დათქმულ ვადაში ჩატარება.

გამგეობის სხდომას პრეზიდენტობის კანდიდატები ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძეც ესწრებოდნენ. კონკურენტები დღეს ერთ პოზიციაზე იყვნენ, ორივე კანდიდატი არჩევნების გადადების წინააღმდეგია. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს. ბაჩო ხურციძე ლეგიტიმაციაზე საუბრობს, მისი აზრით, 30 დეკემბერს არჩევნების ჩატარება რაგბის კავშირის არსებული წესდების მიხედვით უკანონო იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, ერთი კვირის წინ გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება - არჩევნები, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 30 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი კვირას 13 საათზე რაგბის კავშირის ცენტრალურ ოფისში გამგეობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეოთხედ შეიკრიბება.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები