19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ასლან ბჟანიას კორონავირუსი აქვს - ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსი 109 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას ბჟანიას ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტი ოკუპირებულ სოხუმში იმყოფება, თვითიზოლაციაშია და სამუშაოს დისტანციურად აგრძელებს.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 109-ს ვირუსი დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანი მკურნალობს, მათგან 100-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 8 459 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 108 პაციენტი, 6 726 კი გამოჯანმრთელდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული მთავრობა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ოკუპანტი ქვეყნის მიერ შემუშავებულ რუსული წარმოების ვაქცინას მიიღებენ, რის შემდეგაც რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია იგეგმება.

დღის ამბები