19 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ლოკდაუნებმა, პირბადის მოხმარებამ გრიპის ვირუსის გავრცელებაზეც იმოქმედა - იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსი წელს ნაკლებად აქტიურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებაზე ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა სეზონურ გრიპზე ვაქცინაციის მნიშვნელობასაც.

პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის 211 ათასი ადამიანია გრიპზე აცრილი და მარაგში კიდევ არის 23 ათასზე მეტი ვაქცინა მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის. პაატა იმნაძის განცხადებით, ლოკდაუნებმა, პირბადის მოხმარებამ და დისტანციის დაცვამ გრიპის ვირუსის გავრცელებაზეც იმოქმედა და წელს გრიპის ვირუსი ნაკლებად აქტიურია.

პაატა იმნაძის თქმით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ძირითადი რეკომენდაციები ისევ იგივე რჩება და ეკლესია ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

პაატა იმნაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაფიქსირებულ კორონავირუსის შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტური არც PCR ტესტირება არაა, ამ დაწესებულებებში რეგულაციების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელება მაინც მოხდა და ახლა, სწორედ ამის გამო გადაწყდა ინტენსიური ტესტირებების ჩატარება.

პაატა იმნაძე 16 იანვრის შემდეგ რეგულაციების მოხსნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ რეკომენდაციების დაცვა მოხდება, ვირუსის გავრცელება კონტროლს დაექვემდებარება, საწინააღმდეგოდ მოქცევის შემთხვევაში კი, შედეგიც საწინააღმდეგო დადგება.

მისივე თქმით, სწორედ 16 იანვრისთვის დაფიქსირებული შემთხვევები იქნება იმის მაჩვენებელი, რამდენად წესების დაცვით შეხვდა საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღესასწაულს:

"ეს იქნება მაჩვენებელი როგორ შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალ წელს, თუ იყო პატარა სუფრები ვიწრო წრეში, არ იქნება დიდი მატება, ჯერ ხომ არ ვიცი, ყველა ოჯახში ხომ არ ვიყავი სტუმრად და არ ვიცი, როგორ ხდებოდა, "- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ კონკრეტული ადამიანები საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრნენ.

"საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება ინდივიდუალური მოხმარებისათვის წამლის შემოტანის და ეს ნებადართულია, ვიღაცამ თავისთვის შემოიტანა და აიცრა, ამას სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, "- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები