დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტი ამნისტიის კანონპროექტს კიდევ ერთხელ განიხილავს.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მოსალოდნელია მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები.
"მესამე მოსმენა, რაც პროცედურულად ითვალისწინებს რედაქციულ და ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს, ორიენტირებულია იმაზე, რომ თუ რაიმე რედაქციული საკითხი არის, მოხდეს მისი ჩასწორება.
დავიჭირეთ შუალედური, ოქროს ბალანსი, ასე შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს შორის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე და იმ ადამიანების მიმართ ჰუმანური აქტის გამოხატულების კუთხით, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულების ჩადენაში და ეს დანაშაულები ჯდება იმ კანონპროექტის ფარგლებში,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტში ამჟამად უკვე 70-ზე მეტი მუხლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამნისტია შეეხება იმ დანაშაულებსაც, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო - საუბარია ფინანსურ და ნარკოდანაშაულის გარკვეულ კატეგორიაზე.