2 პროცესი ერთმანეთის პარალელურად. თბილისის და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სხდომები მიმდინარეობს.
ერთი ეს არის მკვლელობის საქმე, მეორე არასრულწლოვნების ეპიზოდი, რომელიც მცხეთის აგარაკზე ძალადობას ეხება.
მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხა, რომ ფეხბურთელმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო.
თბილისში კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 8 პირის პროცესი ტარდება.
არ არის გამორიცხული დღეს 3-მა პირმა ციხე დატოვოს, საუბარია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძეზე, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეზე.
დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ სამივე ბრალდებული დღეს აღიარებით ჩვენებას მისცემს მოსამართლეს. მათი განცხადებით, აქვთ ყველა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღკვეთი ღონისძიების შეცვლა.
ადვოკატები ითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. ისინი თვლიან, რომ შუამდგომლობის დაყენება არის მათი ლეგიტიმური უფლება.
სხდომის პარარელურად პროკურატურამ გამოაქვეყნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გიორგი შაქარაშვილზე ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
სხეულზე განვითარებული დაზიანებები კი არის მინიმუმ ცხრა დარტყმის შედეგად გამოწვეული.