06 სექტემბერი 2026,   03:14
ვრცლად
რაიმე გადაჭარბებულ რისკს ამნისტიის კანონპროექტი ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით არ გააჩენს - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტი მიმდინარე კვირას ამნისტიას დაამტკიცებს. შესაძლოა, კენჭისყრა დღესაც გაიმართოს. მანამდე პროექტი საბოლოო შესწორებებისთვის იურიდიულ კომიტეტზე გავა.

საპატიმროს 1 500-ზე მეტი პირი დატოვებს, გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რაც პირველ ვარიანტში იყო. ახლა ეს მუხლები 70-ზე მეტია. ამნისტიის პროექტს დაემატა ეკონომიკური და ნარკოდანაშაულის ზოგიერთი კატეგორია.

"ქართული ოცნების" წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია ასევე შეეხება 6 000-ზე მეტ პრობაციონერს და 4 000-ს ისეთ პირს, რომლებსაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები ჰქონდა დაკისრებული.

"1 500-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე, რომელიც საპატიმროში იმყოფება, მათ შეეხებათ ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000-ზე მეტ პრობაციონერს შეეხება ეს ამნისტია, 4 000-ს ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში, ნარკოდანაშაულის იმ კატეგორიასთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობდა მაგალითად გასაღებას, ოჯახური ძალადობის საკითხებზე, სამოხელეო დანაშაულებებთან დაკავშირებით მიდგომა იქნა არჩეული, რომ ეს ამნისტია არ გავრცელდებოდა.

რაც შეეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, რომელზედაც არის მოთხოვნა, რომ უკლებლივ ყველას შეეხოს ამნისტია, თუნდაც ¼-ით სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამ ინიციატივის გაზიარებისთვის საკმარისი საფუძველი არ მოიპოვება.

ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს შეღავათს ამ კანონპროექტის შედეგად. რაც შეეხება რისკების დაზღვევას, მე ვფიქრობ, რომ დაბალანსებულია ამ თვალსაზრისით და რაიმე გადაჭარბებულ რისკს ეს კანონპროექტი არ გააჩენს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის საკმაოდ შრომატევადი და დიდი შრომის შედეგი, რომ ეს ყოფილიყო ყველასთან შეთანხმებული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები