ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.
ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.
ადვოკატებმა ასევე შუამდგომლობა დააყენეს საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებითაც.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა, რომ ფეხბურთელმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო.