საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი რუსეთში გადასვლას ითხოვდა. როგორც ის ამბობს, დაკავებული მათი უწყების ყოფილი თანამშრომელია.
"მისი მოთხოვნა იყოს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს, მიეყვანათ მანქანა და აპირებდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. იგი საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ მან განცხადებით მოგვმართა, მას კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 2018 წელს წავიდა სამსახურიდან. ყველა ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლება, არ დაზიანებულიყო არავინ და ღონისძიება წარმატებით დასრულდა," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე.
"კურიერის" ინფორმაციით, კასპში მდებარე ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად მისივე საწარმოს მუშები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, უთანხმოება სწორედ ბიზნესს უკავშირდება.
სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია "კურიერისთვის" დილიდან გახდა ცნობილი, თუმცა არხი მძევლების გათავისუფლებამდე სამართალდამცველებისა და დაკავებულის მოლაპარაკებების პროცესს საგანგებოდ არ გადასცემდა პირდაპირ ეთერში, რათა ოპერაციას ხელი არ შეშლოდა.