პანკისის შერიგების მოლოდინში - იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ხიზირ გაურგაშვილს კვლავ ხეობის ტყეებში ეძებენ. დუისში კი მხარეები ვითარების განმუხტვას ცდილობენ.
ჯერჯერობით, პანკისში კვლავ სამართალდამცველების მობილიზებაა საჭირო. დაზავებამდე სისხლის აღების ტრადიციის საფრთხე მაინც რჩება.
გვარების შერიგების მიზნით დუისში შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიმართება. სწორედ იქ უნდა თქვას მოკლულის ოჯახმა, ითხოვს თუ არა, ქისტური სამართლის მიხედვით, სისხლის აღებას. ოჯახის პოზიციაზე "დღეს კურიერის" კამერასთან ქავთარაშვილების ნათესავმა ისაუბრა.
მძიმე დანაშაულის მიმართ ხიზირ გაურგაშვილის ოჯახის პოზიცია დუისში გუშინ საჯაროდ გამოჩნდა, როდესაც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები მოკლულის სამძიმარზე იმყოფებოდნენ. გაურგაშვილებს იმედი აქვთ, რომ ქავთარაშვილები სისხლის აღებაზე უარს იტყვიან.